ორბანი კობახიძეს: არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ

29.10.24 12:03
ორბანი კობახიძეს: არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ

საქართველოში ვიზიტით მყოფმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა და პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანმა პრემიერ კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში "დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა". 

ორბანმა კობახიძეს უთხრა, რომ "ოცნებამ" არჩევნების შემდეგ ევროპაში მიმდინარე კამათს სერიოზულად არ უნდა შეხედოს.

არჩევნებში ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, ეს მთელს დასავლეთ ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა, მაგრამ რაკი კონსერვატორულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს - განაცხადა ორბანმა. 

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღოთ, როგორც აქამდე ხდება. არჩევნების შედეგები უდაოა! თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია. მსგავსი სახის კამათი არსებობს, ბრიუსელში ყოველთვის ასეა. როდესაც არჩევნებს თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ასეთ კამათს ყოველთვის ვხედავთ. ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული - თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება - არჩევნები უნგრეთში ჩატარდება თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასე იქნება და ასე აღიქვამენ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთი პრემიერ-მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების ძალიან კარგი გამოხატულება და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.