არჩევნების საერთაშორისო გამოძიება საჭიროა - დუდა

29.10.24 13:53
არჩევნების საერთაშორისო გამოძიება საჭიროა - დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა ფიქრობს, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება საჭიროა.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება დადგება, ანჯეი დუდა საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს.

„თუ იქნება ვითარება, რომ ამის საჭიროება იყო, განვიხილავთ [ვიზიტს]. საქართველოს პრეზიდენტმა და მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა გააკეთეს მოწოდებები საერთაშორისო გამოძიებაზე. მეც მჯერა, რომ ასეთი გამოძიება, რათა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებების სრული გამორკვევა, საჭიროა”, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვარშავაში ჯერ კიდევ 1 თვის წინ განხორციელებული ვიზიტისას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ვითარება განიხილეს და სალომე ზურაბიშვილმა მას განუცხადა, რომ არჩევნებში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა.

„ის ერთი თვის წინ ვარშავაში იმყოფებოდა. მაშინ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ვითარებაზე. მაშინ პრეზიდენტმა განმიცხადა, რომ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, მაგრამ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ისეთ უპირატესობას მიიღებდა, რაც დამოუკიდებლად მმართველობის საშუალებას მისცემდა. შედეგი, რომელიც ახლა ცხადდება, აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რაც მან მითხრა მაშინ“, - აღნიშნა დუდამ Radio ZET-თან საუბარში.