ქუთაისის საკრებულოს წევრი "ოცნების" რიგებს ტოვებს
ქუთაისის საკრებულოს წევრი, ელისო არჩაია, მმართველი გუნდის რიგებს ტოვებს. დეპუტატის თქმით, მან “ქართულ ოცნებაში” თავი უკვე ამოწურა.
ელისო არჩაიას თქმით, მას სახელისუფლებო გუნდში აღარ ეძლეოდა საშუალება იმის, რომ საზოგადოებას სათანადოდ დახმარებოდა.
საკრებულოს მოქმედი წევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, გუნდს უერთდება.
ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნების” გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. მე ვეღარ ვახერხებ თქვენს დახმარებას სათანადოდ. ვეღარ ვაგვარებ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე არ მეძლევა ამის საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და დავრწმუნდი, რომ ამ გუნდში აღარც მომავალში მექნება თქვენთვის მეტის გაკეთების საშუალება. მე მივიღე გადაწყვეტილება, ვიბრძოლო ღირსეული, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა, ქვეყნის მომავალი შეცვალოს. დღეიდან ბატონი გიორგი გახარიას გუნდში მე უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ამ ქალაქისთვის, ვიდრე ეს როდესმე გამიკეთებია, რადგან ეს არის გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ცვლილებებია. მე არსად არ მივდივარ. ვრჩები თქვენთან და ვაგრძელებ ბრძოლას პარტია ,,საქართველოსთვის” სახელით. ბრძოლას უიმედობისა და სიღარიბის დასრულებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური ქალაქის განვითარებისთვის.
მე ამის საშუალება და ბერკეტი მომეცა ეხლა ისე, როგორც არასდროს. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.”- წერს ელისო არჩაია.