გახარია ცესკოს: ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადეთ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, სად და როდის მისცა ხმა

29.10.24 16:38
გახარია ცესკოს: ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადეთ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, სად და როდის მისცა ხმა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას აკეთებს და ცესკოს მიმართავს.

გახარია საქართველოსთვის ლიდერი ცესკოსგან "სმარტმატიკთან" (კომპანია, რომელიც საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას მოემსახურა)  გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. 

გიორგი გახარია კალანდარიშვილის უწყებას მოუწოდებს, ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია შემდეგი ინფორმცაცია:

  1.  მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში 
  2.  რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა   
  3.  რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა

მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასიის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც "არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული". 

გახარიას თანახმად, "ძლიერი საქართველო" ბაზების გასაჯაროვებას არ ითხოვს. ექსპრემიერის თქმით, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე.

დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს ყოველივე პირად მონაცემებსა და კანონს არღვევს. მინდა შევახსენო ცესკოს, რომ არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროვებას. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. 

ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს, შეუძლია, შევიდეს, გადაამოწმოს საკუთარი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მონაცემებს დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე", - თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ცესკოს ამ მონაცემების გასაჯაროვება უპრობლემოდ შეუძლია: 

"დღეს ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ერთ საათში. ჩვენ არ ვიცით, სმარტმატიკთან კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია, შეიძლება ერთ-ორ კვირაში, 10 დღესა ან ერთ თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ამხელა დაძაბულობასა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ქვეყანას ევროპული გზა ეკეტება და სახელმწიფოს სჯერა თავისი ქმედებების, ამ ინფორმაციის გასაჯაროვება, ერთხელ და სამუდამოდ, საკითხს დახურავს", - დასძინა გიორგი  გახარიამ.

ცნობისთვის, ამომრჩეველთა ბაზების გასაჯაროება, „ძლიერმა საქართველომ” და „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მოითხოვეს.