გიგაური: პრეზიდენტს განსაკუთრებით აინტერესებდა რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა დამკვირვებლებზე
პრეზიდენტთან საუბარი იყო იმ სქემებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების გასაყალბებლად - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
გიგაურის თქმით, პრეზიდენტს განსაკუთრებით აინტერესებდა რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა დამკვირვებლებზე და როგორი იყო ამ ყველაფერში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა.
საუბარი იყო იმ სქემებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების გასაყალბებლად. გუშინ გამოვაქვეყნეთ ეს სქემაც, სხვა პირის მაგივრად არჩევნებში მონაწილეობა, მარკირების საკითხი, ვერიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოსყიდვა, ზეწოლა. განსაკუთრებით აინტერესებდა პრეზიდენტს, თუ რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენს დამკვირვებლებზე, ზოგს ფიზიკურად, ზოგს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე აინტერესებდა ამ ყველაფერში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაც. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზუსტად იმიტომ დაიწყო პირადობის მოწმობებს ნომრების შეგროვება, რომ შემდგომ სხვა პირს ეს პირადობის მოწმობის ნომრები არჩევნების გაყალბებისთვის გამოეყენებინა, ასევე ვერიფიკაციის აპარატში სხვა ადამიანის მონაცემები ხელით შეჰყავდათ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.