როგორ მოიპარა ივანიშვილმა არჩევნები - პრეზიდენტმა უცხოურ მედიას 48 საათში 18 ინტერვიუ მისცა
CNN, BBC, DW და კიდევ 15-ი გავლენიანი მედია - საქართველოს პრეზიდენტმა უცხოურ მედიას 48 საათში 18 ინტერვიუ მისცა. პრეზიდენტს პარტნიორების მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და მის შედეგს არალეგიტიმურად ცნობს. სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთის გასაგონად თქვა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.
როგორ გაყალბდა არჩევნები? ეს იყო კითხვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან უცხოური მედიის ჟურნალისტებს ჰქონდათ. ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი მთავრობის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამიტომ ინტერესიც ბუნებრივად გაჩნდა, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ის. ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება მძიმე ბრალდებაა და მას მტკიცებულების გარეშე პრეზიდენტი ვერ იტყოდა, ამიტომ საუბრობს მექანიზმებზე, რომლის გამოყენებასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. მტკიცებულება კი ზურაბიშვილისთვის მრავალია.
პირადობის მოწმობების მრავალჯერადი გამოყენების გარდა, პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ ფულზეც, რომელიც ხელისუფლებამ ეთნიკურ უმცირესობებში დაარიგა. პრეზიდენტისთვის გაყალბებას ეგზიტპოლის შედეგიც ადასტურებს, რომელსაც ოფიციალურ შედეგთან 15%იანი სხვაობა აქვს. კომპანია კი, რომელსაც ეგზიტპოლების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს საქართველოში, მხოლოდ 2-3 %ით სცდება.
სალომე ზურაბიშვილი საუბრობს გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა საკუთარი ხმა და ევროპული არჩევანი დაიცვას. პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ამ ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა ქართველი ხალხი თბილისის ცენტრალურ გამზირზე. მომავალს კი ასე ხედავს - სადამკვირვებლო მისიები მტკიცებულებებს შეაგროვებენ და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ, იმის დასამტკიცებლად, რომ დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა. არ გამორიცხავს, რომ პროცესი ახალ არჩევნებამდე მივიდეს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.