უვადო მოსამართლეების დანიშვნამ სასამართლო სისტემისადმი ნდობა რისკის ქვეშ დააყენა - ეუთო/ოდირი
"საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდებენ, გადადოს მოსამართლეთა შემდგომი დანიშვნები უმთავრესი რეფორმების გატარებამდე" - ეუთო/ოდირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ოდირის დირექტორის, მატეო მეკაჩის, განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით ქვეყანაში სასამართლო სისტემის სანდოობა რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა.
გადაწყვეტილებამ დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ, მაშინ როდესაც მას აკლდა ინკლუზიურობა და ეწინააღმდეგებოდა უკვე მიღწეულ შეთანხმებას პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენა მისი სანდოობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ დაბალია. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების მეშვეობით, - აცხადებს ოდირის დირექტორი, მატეო მეკაჩი.