არჩევნებმა ქართველ ხალს მოპარა ევროატლანტიკური მომავალი, საჭიროა საერთაშორისო გამოძიება, ვიბრძოლებთ ბოლომდე - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შტატებს საქართველოს მისამართით პრეზიდენტის დონეზე მსგავსი მკაცრი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
სამადაშვილის თქმით, როდესაც თეთრი სახლი "ოცნებას" არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, ეს კიდევ ერთიდ ადასტურებაა, რომ ჩადენილია დანაშაული.
არჩევნებმა ქართველ ხალს მოპარა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროატლანტიკური მომავალი - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი და ვარაუდობს, რომ დღეს ევროკავშირს საქართველოს მისამართით მძიმე შეფასებები ექნება.
სამადაშვილი არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე და რუსი მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტებსი გამოხმაურებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო არასდროს არ დაუბრუნება რუსეთის გავლენის სფეროს.
ჩვენ მსგავსი განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონეზე გაკეთებული, არ მოგვისმენია. არ მოგვისმენია ის სიტყვები, როდესაც ხელისუფლებას რეაგირებას კი არ თხოვენ დარღვევებზე, არამედ მოითხოვენ გამოძიებას. გამოძიება ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია დანაშაული და ამ შემთხვევაში, ჩვენ მართლაც გვაქვს საქმე დანაშაულთან. სწორედ ამიტომ არის, რომ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია ეს არჩევნები. სამწუხაროდ, დღეს იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდება გაფართოებასთან დაკავშირებით, მიესალმებოდეს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში და გზას ხსნიდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ ვნახავთ ასევე მძიმე შეფასებებს ევროკავშირისგან და სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ამ არჩევნებმა ქართველ ხალს მოპარა და წაართვა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროატლანტიკური მომავალი და ერთადერთი, ვინც მიესალმება ამ არჩევნებს არის რუსეთი და რუსი პროპაგანდისტები. მე ყველას მინდა ვუთხრა, არ შედგება ეს ამბავი, საქართველოს არასდროს არ დაუბრუნება რუსეთის გავლენის სფეროს და ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ამ არჩევნების შედეგებმა არ შეაფერხოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ამიტომ არის დღეს საჭირო საერთაშორისო გამოძიება. სანამ ეს გამოძიება არ დაიწყება და არ დასრულდება, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო დაუზიანებლობის აღდგენაზე, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.