პროკურატურას არც რეპუტაცია აქვს, არც ნდობა, გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა აწარმოონ - ბადრი ჯაფარიძე ცესკოს განცხადებაზე

30.10.24 11:21
პროკურატურას არც რეპუტაცია აქვს,  არც ნდობა, გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა აწარმოონ - ბადრი ჯაფარიძე ცესკოს განცხადებაზე

"ძლიერი საქართველოს "ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურას არც რეპუტაცია და არც ნდობა აქვს, ამიტომ ისინი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას ობიექტურად ვერ აწარმოებენ. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ.  

ვეთანხმები პირველ ნაწილს განცხადების, რომ საჭიროა გამოძიების დაწყება, მაგრამ გამოძიება უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციამ და საქართველოს პროკურატურას არც რეპუტაცია აქვს და არც ნდობა. გამოძიება უნდა ჩატარდეს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ. ასეთი არის ევროკავშირის სათანადო ქვედანაყოფი. რა უშლის ხელს იმას, რომ ევროკავშირის სათანადო ქვედანაყოფმა, რომელსაც აქვს გამოცდილება ჩაატაროს გამოძიებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩაატაროს ეს გამოძიება და მის მოპოვებული ინფორმაცია იქნება მაქსიმალური სანდოობის მქონე, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. 

ცესკო ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია მათ თავს უსაფუძლოდ ესხმიან და ცდილობე, რეპუტაციული ზიანი მიაყენონ.