საარჩევნო ყუთებში ჩატვირთული კოდებით მანიპულაცია მარტივია, ამიტომ მათ გახსნას საერთაშორისო ექსპერტები უნდა ესწრებოდნენ - იურისტი

30.10.24 11:37
საარჩევნო ყუთებში ჩატვირთული კოდებით მანიპულაცია მარტივია, ამიტომ მათ გახსნას საერთაშორისო ექსპერტები უნდა ესწრებოდნენ - იურისტი

იურისტები ამბობენ, რომ თუ არჩევნების გაყალბებასტან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატრუა დაიწყებს, ობიექტური შედეგი ვერ დადგება. ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ საჭიროა, საგამოძიებო უწყების მიერ ელექტრონული დანადგარების გახსნას საერთაშორისო ექსპერტებიც ესწრებოდნენ, რადგან ამ ყუთებში არსებული კოდის შეცვლა და ამით მანიპულირება ძალიან მარტივია. იურისტი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, აღშნიშნულ საკითხზე დროული რეაგირება მოახდინოს. 

თუ ეს დანადგარები, ვგულისხმობ, ეს კონკრეტული ყუთები გაიხსნება ცესკოს პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტის და პროკურატურის თანდასწრებით, მისი ნდობა არის ძალიან დაბალი. მე ახლავე მოვუწოდებ ყველას, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს ამაზე, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოითხოვოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დანიშნული წარმომადგენლების, პირველ რიგში, დასწრება ამ კონკრეტულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ვინაიდან არ მოიხსნას ლუქი ისე, რომ მხოლოდ ბრალდების მხარე და ცესკო იმყოფებოდეს იქ. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მარტივია ინფორმაციული მანიპულაცია ანუ აქ ჩატვირთულია კონკრეტული კოდი, რომლის ამოშლაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და რომელიც არის გაქრობადი. ეს არ არის მყარი მტკიცებულება, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რჩება მუდმივად. თუ ამ კონკრეტულ ყუთთან მომუშავე კონკრეტული პროგრამისტი დაჯდება, მას შეუძლია, ნებისმიერი მანიპულაცია განახორციელოს კონკრეტული ყუთების მიმართ კოდების შეცვლის თვალსაზრისით, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
 

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. 

ცესკო ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია მათ თავს უსაფუძლოდ ესხმიან და ცდილობე, რეპუტაციული ზიანი მიაყენონ.