არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასიურად ირღვეოდა - ახალი მტკიცებულებები

30.10.24 12:09
არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასიურად ირღვეოდა - ახალი მტკიცებულებები

ახალი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების საქმეში - "პირველებმა" მოიპოვა ხელშეკრულება, რომელიც ცესკომ იმ სტამბასთან გააფორმა, რომელსაც საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა დაევალა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქაღალდი, რომელზეც პოლიტიკური სუბიექტების სია უნდა დაბეჭდილიყო, სტამბაში თავად ცესკომ მიიტანა. ანუ, ცესკოს შეფმა არ უზრუნველყო, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს მოქალაქეთ არჩევანი არ გამოჩენილიყო. 

სტამბაში "პირველებს" უდასტურებენ, რომ ბიულეტენებისთვის განკუთვნილი ქაღალდი მათ არ ეკუთვნოდათ.

 ქაღალდი იყო ცესკოს მიერ მოწოდებული, -ამბობენ სტამბაში. 

აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ დაირღვა არცევნების მთავარი პრინციპი - ხმის მიცემის ფარულობა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდანაც კი მარტივად იყო აღქმადი, რომელი პოლიტიკური სუბიექტი გააფერადა ამომრჩეველმა. 

ძალიან ფრთხილად ვცადე გაფერადება და თითქმის არ დამიჭერია საერთოდ ფურცელზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გამოჩნდა უკანა მხარეს ჩემი არჩევანი, დაახლოებით პოზიცია გამოჩნდა. პოზიციით მარტივია მიხვდე, „ოცნებას“ მიეცი თუ არა ხმა, იმიტომ, რომ „ოცნება“ ბოლოშია. როცა მივედი აპარატთან, აპარატმა დაახლოებით 6-ჯერ არ მიიღო ჩემი ბიულეტენი, იმიტომ, რომ ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო ჩარჩო კონვერტი და ბიულეტენი აპარატთან. აშკარად შეცურების დროს გამოჩნდა, რომ ზედა მხარეს იყოს გაფერადებული. ასევე, როცა ვიდექი იქ, ჩემს გვერდით, მეორე აპარატთან ვინც აძლევდა ხმებს, ერთი ქალბატონი იყო, ერთი ახალგაზრდა გოგო იყო და ორივეს ხმა, პრინციპში, ვიცი. ქალბატონის შემთხვევაში იყო ბოლოს გაფერადებული რაღაც და ახალგაზრდა გოგოს შემთხვევაში - ზევით. შეუძლებელია, რომ ასეთი არჩევნები, როდესაც ასე ირღვევა ხმის ფარულობა,  ლეგიტიმურად იყოს ცნობილი, - ამბობს გიორგი ლუბარეცკი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა უკავშირდება კამერებს, რომელიც საარცევნო უბნებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ჰქონდათ მიტანილი. ამომრჩევლები ამბობენ, რომ აღნიშნული კამერები საარჩევნო ყუთთან ახლოს იყო დამონტაჟებული, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა.  

როდესაც უკვე ბიულეტენი შევაცურე ხმის მთვლელ აპარატში, გვერდით მედგა კომისიის წევრი, ყუთის ზედამხედველი, ჩვენ ერთად დავინახეთ გაფერადებული შავი წრე და ეს იყო პირველად როცა აღმოვაჩინე, რომ ეს ბიულეტენი ლანდავდა. ასევე იმ უბანზე იყო კამერა. იქვე ვნახე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის დამკვირვებელი, რომელსაც ვუთხარი ეს ინფორმაცია. დამიდასტურა, რომ ყველა ბიულეტენი ასე იყო და ეს კამერა ეკუთვნოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მათ დააყენეს, იდგა ყუთის გვერდით. ფარულობის გარეშე, უბრალოდ, არჩევნები არ ითვლება არჩევნებად და საქართველოს შემთხვევაში მასშტაბურად და მასიურად იყო დარღვეული ხმის ფარულობა, - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.