ჯაფარიძე: ბაიდენის განცხადება ნათელყოფს, რომ არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, ის სრულად გაყალბებული და მიტაცებულია
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება ნათელყოფს, რომ არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, ის სრულად გაყალბებული და პროცესი არჩევნების იქნა მიტაცებული - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
ჯაფარიძე საერთაშორისო გამოძიების დაწყების და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და თანმიმდევრული დამცველი. პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ უნდობლობა ჩანს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს, არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების უამრავი ფაქტი, ამაზეა საუბარი განცხადებაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოითხოვს, ამ გაყალბებული პროცესის გამოძიებას, ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მოვითხოვთ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის მიერ ამ გაყალბებული არჩევნების გამოძიებას, ამ პროცესის გამჭვირვალედ შესწავლას და რაც მთავარია, რეგისტრაციის აპარატების გახსნას - გასაჯაროებას, რომ საზოგადოებამ ნახოს ამომრჩეველთა სიები, რომლებმაც ხმა მისცეს 26 ოქტომბერს, დავინახავთ, რომ ათობით ათასი ადამიანის მაგივრად, რომელიც არ იმყოფება ქვეყანაში, ხმა აქვთ მიცემული „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული გამყალბებლებს. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება ნათელყოფს, რომ არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, ის სრულად გაყალბებული და პროცესი არჩევნების იქნა მიტაცებული“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო დაუზიანებლობის აღდგენაზე, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.