მწვავე შეფასებები ცივილიზებული სამყაროდან - "ოცნება" თავს შეურაცხყოფილად გრძნობს
ცივილიზებული სამყაროდან წამოსული კრიტიკული განცხადების შემდეგ, "ოცნება" თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
თუ არალეგიტიმურია არჩევნები და არალეგიტიმურია ხელისუფლება, რა გამოძიებაზე ელაპარაკებიან? - თქვა რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
შეურაცხყოფად არ იღებთ ამას - ერთი, გეუბნებიან 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, არ არის შეურაცხმყოფელი თქვენთვის, ასეთ რამეს რომ გკადრებენ და შეურაცმყოფელი ის არ არის, რომ შემდეგ უნდა იმეორო სერიოზული სახით? თქვენც მიგაჩნიათ, რომ 300 ათასი ხმის გაყალბება თეორიულად მაინც შესაძლებელია? გააუქმეთ, გააგრძელეთ, გამოიძიეთ - ვის ეუბნებიან, არალეგიტიმურ ხელისუფლებას? უკვე არასერიოზულ საუბარში რატომ გადადის იცით? თუ არალეგიტიმურია არჩევნები და არალეგიტიმურია ხელისუფლება, რა გამოძიებაზე ელაპარაკებიან?", - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება იყო საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების "კრიტიკული აღიარება", ხოლო ჰელსინკის კომისიის განცხადება, მდინარაძის მტკიცებით, შეურაცხმყოფელი და უკიდურესად ტენდენციურია.
"მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო - ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცეებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის". - თქვა მდინარაძემ.
რას წერს ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?
- აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
- აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.
როგორია ჰელსინკის შეფასება?
- ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას"
- “აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“