კობახიძემ პრეზიდენტს "სულით და გულით ენჯეოშნიცა" უწოდა
პრემიერი ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს საკითხზე ზედაპირულად საუბრის უფლება არ აქვს და ამიტომ, ვალდებულია, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდეს.
ამასთან, პრემიერი ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი მტკიცებულება არ აქვს და ამიტომ ვერც საგამოძიებო უწყებაში მისვლას გაბედავს.
კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, წარადგინოს შესაბამის უწყებებში. ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი, შეგახსენებთ, რომ მართალია, სულით და გულით არის ენჯეოშნიკი თუ ენჯეოშნიცა, არ ვიცი როგორ ჰქვია, მაგრამ თავის თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად. თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი მას არ აქვს, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას, - ამბობს კობახიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.