საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

30.10.24 15:17
საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით პოზიციას არ შეცვლის. საქმე ეხება გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელსაც ამ წუთებში ბრიუსელში განიხილავენ. 

ჯაფარიძის თქმით, ევროკომისიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ "ოცნების" პირობებში საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება. 

კომისიამ უკვე არაერთხელ თქვა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამიტომ მე არ ველოდები, რომ რაიმე განსხვავებული იყოს იმისგან, რაც ადრე ვნახეთ და მოვისმინეთ კომისიისგან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე მოლაპარაკებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე არ განხორციელდება, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდება, იქნება განმეორება იმის, რაც ჩვენ ადრე მოგვისმენია, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

გახარის გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ანგარიში კრიტიკული იქნება, თუმცა იმედოვნებს ქართველი ხალხისთვისგადაწყვეტილებები დამაზიანებელი არ იქნება. 

მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან კრიტიკული. კონკრეტულად რა საკითხები შევა, რა არ შევა, ჯერჯერობით არ ვიცით, ბუნებრივია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილებები და შეფასებები არ იმოქმედებს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და ეს არ შეეხება ვიზალიბერალიზაციის თემას, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მკაცრი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ამაზე მათ გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, - ამბობს ცქიტიშვილი. 

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. 

  • დღევანდელი ანგარიშით შეფასდება, როგორ შესრულდა ევროინტეგრაციისთვის გასაზღვრული 9 ნაბიჯი და შემდგომი გადაწყვეტილებაც სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღება. 
  • ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე.
  • 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა. დათქმაში ევროკომისია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე საუბრობდა და საქართველოს თავისუფალი, სამართლიან და კონკურენტული საარჩევნო პროცესის ჩატარებას სთხოვდა .