საია: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე აღმოვაჩინეთ, ცესკომ გვითხრა, რომ ბიულეტენი "სატესტო" იყო

30.10.24 15:27
საია: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე აღმოვაჩინეთ, ცესკომ გვითხრა, რომ ბიულეტენი "სატესტო" იყო

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებამდე გამართულ ცესკოს საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა.

როგორც საიას თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მათ ცესკოს 17 სექტემბერს მიმართეს და ხარვეზის აღმოფხვრისკენ მოუწოდეს. საპასუხო წერილი ორგანიზაციამ ცესკოსგან 28 სექტემბერს მიიღო, სადაც ეწერა, რომ საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი ბიულეტენი იყო სატესტო და არჩევნების დღეს ბიულეტენები სხვა ხარისხის იქნებოდა.

საიამ დღეს ცესკოს მიერ მათთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი გაასაჯაროვა: 

"არჩევნების დღეს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

2024 წლის 28 სექტემბრის წერილით, საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას, თუმცა ეს პირობა ვერ შესრულდა" - აცხადებენ საიაში.