ცესკო: ბიულეტენები სქელი იყო

30.10.24 16:47
ცესკო: ბიულეტენები სქელი იყო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ბიულეტენები "მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე დაიბეჭდა".

კალანდარიშვილის უწყებაში დღეს სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოებს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს.

ცესკო "მანიპულაციას" უწოდებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა.

სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო და ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამვრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები", - აცხადებენ ცესკო-ში. 

ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას პასუხობს: 

"ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებულ მხარეებს შეთქმულების თეორიებში, ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" - განაცხადეს ცესკოში.

მათივე მტკიცებით, გარდა ამისა, ცესკოს მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის გაღალდისგან, რომელშიც, ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა.