ნიკა გვარამია: სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურაში პრეზიდენტის დაბარებას ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
მისი თქმით, "პროკურატურასთან თანამშრომლობა იგივეა, რაც მსხვერპლმა ითანამშრომლოს მოძალადესთან":
სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, ჩვენ ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა, მათ შორის ხალხის შეკრებით, მის გარშემო კონსოლიდაციით. პროკურატურასთან თანამშრომლობა იგივეა, რაც მსხვერპლმა ითანამშრომლოს მოძალადესთან“ - თქვა მან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.