საქართველოს ხელისუფლება უნდა დაისაჯოს - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით "ქართულმა ოცნებამ" მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სახელმწიფოებრიობა მოიპარა და ამისთვის მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს.
"ქურდობასთან ტოლერანტობა არ იქნება და ქურდებთან ხელის ჩამორთმევას არავინ არ აპირებს" - ამბობს თინა ხიდაშელი და ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ამერიკასა და ევროპაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კატეგორიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ის, რომ აღიარება, მილოცვა არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ აღიარება და მილოცვა არ არის. საქართველოში არჩევნები მოიპარა ხელისუფლებამ, ქურდობასთან ტოლერანტობა არ იქნება და ქურდებთან ხელის ჩამორთმევას არავინ არ აპირებს.
გაცილებით უფრო მძიმეა, რომ ის სიბრაზე, რომელიც პრაქტიკულად ყველა ჩვენს პარტნიორს გადაედო ქართული საზოგადოებიდან, ქაღალდზე ვერ დაიწერება. კონგრესი დაბრუნდება სესიაზე და ჩვენ უკვე ვნახავთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამ პროტესტის ფონზე ქართული საზოგადოება ელოდება. საქართველოს ხელისუფლება უნდა დაისაჯოს სასტიკად.
დანაშაული არის დანაშაული, ქურდობა არის ქურდობა. მნიშვნელობა არ აქვს, ფულს იპარავ, თუ რაიმე სხვა ნივთს. ხმების მოპარვა კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, რადგან ამით სახელმწიფოებრიობას იპარავ და სუვერენიტეტს ბღალავ", - ამბობს თინა ხიდაშელი.
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კონგრესმენები: მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ამერიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ "ჩატარებული არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს".
ერთობლივ განცხადებაში ყურადღება საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე მიტანილ ანგარიშსწორებასაც ეთმობა და აღნიშნულია, რომ მოცემული ფაქტები "ავტოკრატიული ქმედებები და დემოკრატიიდან მკვეთრად გადახვევაა".