ქუთელია მალკევიჩის თბილისში ვიზიტზე: ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო აბსოლუტურად დაუცველია

31.10.24 20:10
ქუთელია მალკევიჩის თბილისში ვიზიტზე: ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო აბსოლუტურად დაუცველია

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდერ მალკევიჩის ვიზიტი ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფო აბსოლუტურად დაუცველია.

ქუთელია დარწმუნებულია, რომ ბევრი სხვა მსგავსი ინფორმაცია გამოჩნდება, რადგან მიიჩნევს, რომ “ეს ერთ-ერთი საპილოტე ოპერაციაა რუსეთის, რომლის წარმატების შემთხვევაშიც ალბათ სხვა დემოკრატიებშიც შეეცდება გაიმეორეს.“

“ეს არის სწორედ ის ჰიბრიდული ომი, რომელსაც სჭირდება დაცვა“, - ამბობს ქუთელია.

დარწმუნებული ვარ ეს და ბევრი სხვა მსგავსი ინფორმაცია გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ინსტრუმენტების დახმარებით ჩვენ გამოვიძიებთ ამ უპრეცედენტო ღალატს და სახელმწიფოს მიტაცების უპრეცედენტო მასშტაბის მცდელობას ჩვენს ისტორიაში და არა მარტო. ალბათ, ეს ერთ-ერთი საპილოტე ოპერაციაა რუსეთის, რომლის წარმატების შემთხვევაშიც ალბათ სხვა დემოკრატიებშიც შეეცდება გაიმეორეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება, გადაწყვეტილებების მიღება და დარწმუნებული ვარ ბევრი მსგავსი ადამიანი და ჯგუფები გამოჩნდებიან, რომ თურმე აქ იყვნენ და ეხმარებოდნენ. 

ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო აბსოლუტურად დაუცველია. არჩევენებში გარე სახელმწიფოების ჩარევა აპრობირებული ტაქტიკაა ავტორიტარების. პუტინის ლიდერობით ისინი გადავიდნენ შეტევაზე და ცდილობენ შიგნით ჩარევას, ამისთვის ნიადაგს წინასწარ ამზადებენ, ქმნიან პროპაგანდისტულ ქსელს, არაფორმალური დაჯგუფებების ქსელს და ამ სხვადასხვა მეთოდებით ისინი გადმოდიან შეტევაზე. ეს არის სწორედ ის ჰიბრიდული ომი, რომელსაც სჭირდება დაცვა. სხვადასხვა დემოკრატიული სახელმწიფოები ამას წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, ჩვენ არ გვაქვს ბარიერები სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი. ჩვენი სახელმწიფო, რეალურად, გადავიდა მტრების მხარეზე და მათთან ერთად ცდილობს საზოგადოების იმ 80 %-ზე, რომელსაც უნდა ნატო და ევროკავშირი, ზემოქმედებას, რომ დაასრულოს ეს ოპერაცია. ამ ადამიანის  აქ ყოფნაც ამას ადასტურებს, “- განაცხადა ქუთელიამ.

 

RSF -ს ინფორმაციით, არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელ ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა.

რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ჯილდო ათი მილიონიც კი გამოაცხადდა.

ახლა, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული პირი, რომელიც ამერიკული გამოძიების თანახმად ამერიკის არჩევნებშიც კი ჩაერია.