ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და ამას ყველა მეთოდით მივაღწევთ - ხაზარაძე

31.10.24 22:09
ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და ამას ყველა მეთოდით მივაღწევთ - ხაზარაძე

“ამ ქვეყანაში ეს არჩევნები იყო მიტაცებული, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნას ყველა მეთოდით შეეცდებიან - “ მშვიდობიანი პროტესტით დაწყებული, დოკუმენტური მასალების წარდგენით დამთავრებული, საერთაშორისო გამოძიების ჩამოყვანით. “

ამავდროულად, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ამ პერიოდში, ყოველდღე, ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში ხვდება. გუშინ გამოგვიცხადეს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერდა, შეჩერდა დაფინანსება, შეჩერდება მომავალი დაფინანსებებიც. ხალხი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს, რომ ის, 50 ლარი და სამსახურის დაკარგვა ღირს თუ ქვეყნის დაკარგვა? გვიან იქნება შემდეგ.

მსურს, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სქემაში იყვნენ ჩართულნი - თქვენ შეგიძლიათ, რომ ეს პროცესი გადაარჩინოთ თუ ვაჟკაცურად გამოხვალთ, შტაბში მოხვალთ და იტყვით, რომ თქვენ იყავით ამ პროცესში ჩართული და ამ სქემის ნაწილს ეკუთვნოდით.

აქ არ არის ლაპარაკი ერთ, ორ ან სამ ადამიანზე, ლაპარაკია ათასობით მოქალაქეზე. გაძლევთ გარანტიას, რომ მომავალში გაპატიებთ ამ დანაშაულს, ხოლო ვინც თვლის, რომ ეს მათ შერჩებათ, პირობას გაძლევთ, რომ თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ყველას მოგეთხოვებათ, კანონის ძალით, პასუხი - უმკაცრესი სასჯელი. ეს არის ქვეყნის ღალატი“,- განაცხადა ხაზარაძემ.