"პროტესტი უნდა იყოს მწვავე და უკომპრომისო" - ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს

01.11.24 15:16
"პროტესტი უნდა იყოს მწვავე და უკომპრომისო" - ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთში კონსულტაციებს განაგრძობს. ამ წუთებში ისინი "ძლიერი საქართველოს" შტაბში არიან შეკრებილები, სადაც მომდევნო დღეების სტრატეგიაზე მუშაობენ. დღესვე დაანონსებული აქვთ დიპლომატებთან შეხვედრაც. ისინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაციას ყველა იმ საარჩევნო დარღვევის შესახებ მიაწოდებენ, რომელიც მათ ხელთ აქვთ. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ეს გაყალბებული არჩევნები "ოცნებას" არ შერჩეს.

კოალიცია "ძლიერი საქართველო" და პროდასავლური ოპოზიცია, რომლებმაც შევქმენით ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნები არ შერჩეს "ქართულ ოცნებას" და დავუბრუნოთ ხალხს ძალაუფლება, ამისთვის იგეგმება საპროტესტო აქციები, დაანონსებულია კონკრეტული დრო, თარიღი, კოალიცია. ხდება დამატებითი საკითხებზე შეჯერება. "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს აღარ სჯერა არანაირი მტკიცებულების. მისი უკან დახევა დამოკიდებულია მხოლოდა და მხოლოდ ქუჩის და საზოგადოებრივ პროტესტზე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.  

"ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია. მისი თქმით, შედეგზე გასვლა მხოლოდ მწვავე პროტესტს შეუძლია და ბრძოლა უკომპრომისო უნდა იყოს.  

ქუჩის პროტესტს აქვ გადამწყვეტი მნიშვნელობა.  შესაბამისად, ორშაბათს 19:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველზე, რომ წავიდეთ, დავიწყოთ ეს გამარჯვების პროცესი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება. მესმის, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ვენდოთ ერთმანეთს. გააზრებული გვაქვს ქმედებები, რომელსაც გთავაზობთ. პროტესტი უნდა იყოს მწვავე. მხოლოდ მწვავე პროტესტს შეუძლია, შედეგზე გაგვიყვანოს. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბოლომდე, გამარჯვებამდე, ამის პირობას გაძლევთ. მზად ვართ ყველა სცენარისთვის, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

4 ნოემბერი, 19:00 საათი - ოპოზიცია მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად საპროტესტო აქციებს იწყებს. პროდასავლური ძალები ორშაბათს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.  დაანონსებულია, რომ სწორედ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გააჟღერებენ პარტიები სამოქმედო გეგმას, რომელიც "ოცნებას" აიძულებს, არჩევნები რამდენიმე დღეში ხელახლა დაინიშნოს.