სახალხო დამცველის განცხადება ანომალიაა - კობახიძე გამოჩნდა და ლომჯარიას თავს ესხმის
,,ქართული ოცნების" გაუჩინარებული თავმჯდომარე გამოჩნდა- ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველს უპასუხა და თქვა, რომ ომბუდსმენის მიერ არჩევნების გადადებაზე საუბარი ანომალიაა.
თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად უკვე ანომალიაა", - ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საზოგადოებას აჩვენოს, რისი რესურსიც აქვს.
ეს არის შიშის გამოხატულება არჩევნების მიმართ, ჩვენ ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც. ეს კამპანია მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, შემდეგ ,,სირცხვილიამ" გააგრძელა, ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ დაიწყო ნინო ლომჯარიამ და ,,სირცხვილიადან" მიშა მშვილდაძემ გააგრძელა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშანდობლივია და მეტყველებს იმაზე, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც კარს მომდგარია. 2020 წელს ეს კამპანია ერთ დღეს დაიწყო და მაშინ, სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა გახსნა, დღესაც მან გახსნა, რაც ცუდი მოვლენაა. ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საზოგადოებას აჩვენონ, რისი რესურსი აქვთ“, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის კომენტარს ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო არჩევნების გადადების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ომბუდსმენმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.