თუ ჰგონიათ, ჩემი აუგად მოხსენიება ღირსებას ჰმატებს, მათი არჩევანია - ლომჯარია პოლიტიკოსებს

24.08.21 07:56
თუ ჰგონიათ, ჩემი აუგად მოხსენიება ღირსებას ჰმატებს, მათი არჩევანია - ლომჯარია პოლიტიკოსებს

თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს, ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ექიმები - სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, იმ პოლიტიკოსებს პასუხობს, ვინც ის არჩევნების გადადების ინიციატივის გამო გააკრიტიკა.

მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დავასტაბილურეთ, მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური, თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე მნიშვნელოვანი არის რაიმე დღეს? ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები..."- აცხადებს სახალხო დამცველი. 

ლომჯარიას თქმით, თუ სიცოცხლე საფრთხეშია, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება, შევზღუდოთ.  

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ. ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება, შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!", - წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის გვერდზე.