კორონავირუსთან ბრძოლას მთავრობის სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13 % მოხმარდა - IDFI-ის კვლევა
ქვეყანაში რთული ეპიდვითარების ფონზე 2020-21 წლებში კორონავირუსთან ბრძოლას მთავრობის სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13 % მოხმარდა. ანგარიშს IDFI აქვეყნებს.
უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი). მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა - 37% (22.7 მილიონი ლარი) - დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე. 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. 23% (14.4 მილიონი ლარი) დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში. დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში წერია, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში როგორც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებთან, ასევე სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებთან, რაც ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაფინანსებას გულისხმობს.