ქართული ოპოზიცია ამ წუთებში ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხვდება
ოპოზიციის შეხვედრა შარლ მიშელის წარმომადგენლებთან - გასაიდუმლოვებული აუდიენცია ამ წუთებში მიმდინარეობს. საპარლამეტო ოპოზიცია ევროკავშირის ოფისშია შეკრებილი. ისინი ევროპული საბჭოს აპარატის თანამშრომლებს დისტანციურად ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ის შეთანხმების დოკუმენტი იქნება, რომლის შესრულებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს. დღევანდელი შეხვედრა შარლ მიშელის აპარატის ინიციატივით ჩაინიშნა და იქ ,,ქართული ოცნება" მიწვეული არ არის.
შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს შორისაა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერი ოპოზიციური პარტიები და ,,ნაციონალური მოძრაობა". მათი განცხადებით, საუბრის ძირითადი თემაა ის მექანიზმები, რასაც ევროკავშირი გამოიყენებს, თუ ,,ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პრეზიდენტთან დადებული შეთანხმების პირობები არ შეასრულა.
შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული იქნება სხვა საკითხებიც, მათ შორის, არჩევნების ჩატარება და საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლის აუცილებლობა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია ,,საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ტვ პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპელ კოლეგებთან პოლიტიკური დევნის პრობლემებზე ისაუბრებს.
ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნონ გარემოზე, იმ პირობებეზე, რაშიც კამპანიის წარმოება გვიწევს. ყურადღებას გავამახვილებთ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხსა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანის აუცილებლობაზე - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ფრაქცია ,,ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის, ინფორმაციით, დიპლომატებთან საუბრისას საქარტველოს ხელისუფლების მიმართ განსახორციელებელ სანქციებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
შეხვედრაზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან ხელისუფლების ქმედებებზე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნების წინ - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა ოპოზიციასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კიევში შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერს შორის დიალოგი შედგა.