არა მარტო 75 მილიონ ევროს დახმარებას ვერ მივიღებთ, ევროკავშირი ინვესტიციებსაც შეაფერხებს - ბადრი ჯაფარიძე
,,ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელთან დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო ჩვენი ქვეყანა 75 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას დაკარგავს - ამის შესახებ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ,,ლელოს" ლიდერმა ტვ პირველთან ჩართვისას განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, გარდა ამისა, მიშელის შეთანხმების პირობების ანულირების გამო შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოში ინვესტიციებიც კი დაბლოკოს.
,ქართულმა ოცნებამ" აიღო ვალდებულება და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ეს ვალდებულება შესრულებული არ არის. მიაქციეთ ყურადღება ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ ,,ტვიტს", სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ რეფორმები განხორციელებული არ არის.
ის დახმარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება და ეს არ არის მხოლოდ 75 მილიონი ევრო, ეს არის სიგნალი გარე სამყაროს მიმართ, რომ ცუდად მიდის პროცესები, ეს სიგნალი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 75 მილიონ ევროს ვერ მივიღებთ, არამედ ინვესტიციებს, რაც კი ქვეყანაში უნდა შემოსულიყო, მასაც შეაფერხებს. ამიტომ ,,ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.- გაცხადა ტვ პირველთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძემ.