პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოშია - ზურაბიშვილი არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. ინფორმაცია tvpirveli.ge-ს "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ოფიციალურად დაუდასტურა.
სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს სწორედ ეკა ბესელია წარადგენს.
ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს იმის გამო, რომ უნდა იყოს ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული, რათა პრეზიდენტმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.
სარჩელში საუბარია ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე:
პირველი, ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ აეკრძალათ კიდეც და იცით, რომ ათასობით მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეს არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის შესახებ, და მეორე, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ეს არის არჩევნებში ხმის ფარულობის დაცვა.
ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა.
და კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს, უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რა ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა", - ამბობს ეკა ბესელია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა"- ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააანონსა.
პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ.