გაძლიერებული რუსული აგენტურა - ოპოზიცია ხელისუფლებას სისტემის ჩამოშლაში ადანაშაულებს

28.08.21 13:34
გაძლიერებული რუსული აგენტურა - ოპოზიცია ხელისუფლებას სისტემის ჩამოშლაში ადანაშაულებს

საქართველოში კონტრდაზვერვა ჩამოშლილია - ასეთია "ტვ პირველის" ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ, ოპოზიციის შეფასება. საუბარია, რუსი დაქირავებული ქილერისა და მზვერავის საქართველოში ყოფნის ფაქტზე. "ტვ პირველის" ინფორმაციით, კირილ კრივკო ქვეყანაში შეცვლილი სახელით და გვარით ცხოვრობს. 

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი "პირველებთან" საუბრისას აცხადებენ, რომ არაფორმალური სამხედრო დაჯგუფების წევრმა და დაქირავებულმა  ქილერმა საზღვარი ისე გადმოკვეთა რომ სუს-მა ამის გაშიფვრა ვერ შეძლო, ოპოზიციის მეორე ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურებში არიან კადრები, ვინც რუსულ აგენტურას მიზანმიმართულად აძლიერებენ.

რუსული დაზვერვის მუშაობის ეს მეთოდები, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ეს ადამიანები, შეფარული, რაღაც ბიზნესსაქმიანობის მოტივით ინერგებიან სხვადასხვა ქვეყნებში. ქართულმა უშიშროებამ ძალიან კარგად იცის, ვინ და რა მიზნით ჩამოდის საქართველოში, მაგრამ დღეს ჩვენი უშიშროება ძირითადად პოლიტიკური ოპონენტების დევნით და მათი შევიწროებით არის დაკავებული. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში რუსი ჯაშუშები თავისუფლად გადაადგილდებიან. ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩვენ არცერთი დაკავებული რუსი ჯაშუში არ გვინახავს, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დიახ, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ენის მოჩლექით ესაუბრება რუსეთს და გარკვეულწილად რუსეთის მოკავშირეა"- განაცხადა "ტვ პირველთან" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

"ლელოს" წევრის ლანა გალდავას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოში კონტრდაზვერვა ჩამოშლილია: 

"ქართული ოცნების" ხელისუფლების არ გაღიზიანების პოლიტიკა, მკვეთრად კაპიტულანტურ პოლიტიკაში უკვე გადასულია რუსეთის ფედერაციასთან. ფაქტი, რომ რუსული დაზვერვის წარმომადგენლები, ბიზნესსაქმიანობას თავისუფლად აწარმოებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს უსაფრთხოებებითი გარემო არ არსებობს. სუს-ი დუმს, რადგან არცერთი რუსი ჯაშუში გამოვლენილი არ ჰყავს. ეროვნული უსაფრთხოება ჩამოშლილია"- აცხადებს გალდავა. 

ბიზნესმენი, შეთავსებით კილერი თბილისში შეცვლილი სახელი და გვარით  ცხოვრობს. დამადასტურებელი ფოტო მასალები და მტკიცებულებები უკრაინულმა კვლევითმა ორგანიზაციამ გუშინ გაასაჯაროვა.