სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას - კოალიცია “ცვლილებისთვის" განცხადება ცესკოშია

25.11.24 17:38
სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას - კოალიცია “ცვლილებისთვის" განცხადება ცესკოშია

ოპოზიციის უარი მანდატებზე - სიების ჩახსნის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში ახალი განცხადებების გაგზავნის პროცესი მიმდინარეობს.

“კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი ამ დროისთვის ცესკოში იმყოფება, რომელიც პროცედურულ საკითხებს გადის.

თენგო თევზაძე ამბობს, რომ მათი კოალიცია სიტყვას ყოველთვის ასრულებს და არ აპირებს იმ ადამიანებთან თანამშრომლობას, რომლებმაც ქართველი ხალხის არჩევანი მიიტაცა.

“ჩვენ ჩვენ სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას“, - თქვა თევზაძემ.

ჩვენ ჩვენ სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას. სიის ჩახსნა გულისხმობს რას: ის ადამიანები, ვინც დღეს ვერ მიიღო ე.წ. პარლამენტისგან უფლებამოსილება, ამბობენ უარს მანდატზე, მონაცვლეობის პრინციპით. როდესაც ცესკოს თავმჯდომარე ჩახსნის სიას, პარლამენტს მანადატების გაუქმებაზე მივმართავთ. ეს უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში, რადგან ცესკოს აქვს 3 დღის ვადა, მოვუწოდებთ, რომ ხვალვე ჩახსნან სია, რადგან შემდეგ მივმართოთ ე.წ. პარლამენტს. ჩვენ არ ვცნობთ არალეგიტიმურ პარლამენტს და არ  ვაპირებთ რაიმე ფორმით თანამშრომლობაში შევიდეთ “ოცნებასთან“, რომელმაც მიიტაცა, ქართველი ხალხის არჩევანი. დღეს ვხედავთ კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელიც განახორციელა „ოცნებამ“, - განაცხადა თევზაძემ.

ამასთან, განცხადება გფაავრცელა ნიკა გვარამიამაც, სადაც ის ამბობს, რომ ცესკოს ჩაბარდა მისი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც "კოალიცია ცვლილებისთვის" ითხოვს, რომ პარტიული სიიდან მოიხსნას ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის შეკრება უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მითვისებად და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობად.

სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემ და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ, რომელიც ცესკოს ჩაბარდა - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს უკვე მიმართა და მანდატის შეწყვეტა მოითხოვა.