საცხოვრებელი ფართები დევნილებისთვის - ოპოზიცია წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობს
ოპოზიცია პრემიერის იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მთავრობა 300-მდე დევნილ ოჯახს საცხორებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადასცემს. ხელისუფლების ოპონენტები ფაქტს წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებენ.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია, ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა თვეების წინაც შეეძლო, თუმცა დევნილებს ბინები სწორედ წინასაარჩევნოდ დაუკანონა.
უტიფარი და უსინდისო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო, ეს ბინები დაეკანონებინა თვეების უკან და წლობით არ გაეწამებინა დევნილები, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ის დევნილებს უბრალოდ იყენებს, რათა ხმები იქნას მოსყიდული მის მიერ. ეს „ქართული ოცნების“ ჩვეული ჩვევაა. 9 წლის განმავლობაში მხოლოდ მოსყიდვით და ძალადობით ცდილობს არჩევნების გატანას, მაგრამ ეს არჩევნები ის არჩევნები იქნება, სადაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლების სადავეებს, - ამბობს დამენია.