სამდღიანი დუმილის შემდეგ, სუსი ადასტურებს, რომ რუსი ქილერი თბილისში იყო
სამდღიანი დუმილის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ რუსი დაქირავებული ქილერი და მზვერავი, კირილ კრივკო საქართველოში იმყოფებოდა.
ლილუაშვილის უწყებაში აღიარებენ, რომ კრივკო საზღვარზე შემოიპარა და ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო დატოვა.
საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილი ირწმუნება, რომ 2019 წელს, განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი დაჯგუფების წევრმა საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარა.
საბედაშვილმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ თქვეს, რომ მათ ზუსტად იციან, ვის შეხვდა, რამდენი დღე გაატარა საქართველოში და როდის დატოვა ქვეყანა კირილ კრიპკომ.
2019 წელს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირთან დაკავშირებით. აღნიშნულმა პირმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია და მას აღარ აქვს საქართველოში დაბრუნების საშუალება. მის შესახებ ყველა ინფორმაცია, საქართველოს დატოვების შემდეგ გახდა ცნობილი"- აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.
ქართული დაზვერვა ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ კრივკოს საქართველოში ბიზნესი არ ჰქონია.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ მის სახელთან დაკავშირებული კომპანია, საქართველოში არ ფუნქციონირებს. მას საქართველოში კავშირები არ აქცს. ის ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა"- განაცხადა საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა.
მანვე, უკრაინელი გამომძიებლების ინფორმაციას "სამწუხარო დეზინფორმაცია" უწოდა.
ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერისა და დაქირავებული მკვლელის თბილისში ყოფნის შესახებ უკრაინულმა კვლევითმა ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
მათი მტკიცებით, კირილ კრივკო შეცვლილი სახელითა და გვარით საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.
Inform Napalm-ის ინფორმაციით, კირილ კრივკო დაქირავებულ სამხედროთა რუსული დაჯგუფება ვაგნერის ერთ-ერთი ყოფილი წევრია. ამ უკანასკნელს ომის დანაშაულები აქვს ჩადენილი.
რაც შეეხება "ვაგნერს", ეს არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, ცნობილია, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მფარველობს.