"ოცნება" თვითმარქვია ადამიანების ჯგუფია, რომელიც ტოტალურად კანონგარეშე მოქმედებს - ვაშაძე
"ქართული ოცნება" არის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც უკვე ტოტალურად კანონგარეშე მოქმედებს, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.
როგორც ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როდესაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
"ახალი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია" - თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა. საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება. ეს არის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც უკვე ტოტალურად კანონგარეშე მოქმედებს. ის ადამიანები, ვინც შეიკრიბნენ პარლამენტის შენობაში, მათ არაფერი საერთო პარლამენტთან არ აქვთ. პარლამენტი დღეს საქართველოში არ არსებობს. ყველა გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს ეს თვითმარქვია ორგანო, არის კანონგარეშე გადაწყვეტილება. რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ, რაც არ უნდა უწოდონ ამ არჩევნებს, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება პრეზიდენტის არჩევნებად. პრეზიდენტის არჩევნები ლეგიტიმური იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩატარდება ახალი არჩევნები და არჩეული იქნება ახალი პრეზიდენტი. მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ამ დღევანდელი განცხადებით ვერაფრით ვერ ჩანაცვლდება'', - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.