"ქართული ოცნება" ცდილობს, შექმნას რეალობა, რომ თითქოს, სახელმწიფო პროცესები მიმდინარეობს - ხოშტარია
"ქართული ოცნება" ცდილობს, შექმნას რეალობა, რომ თითქოს, სახელმწიფო პროცესები მიმდინარეობს - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა და მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.
ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ახლა ხელისუფლების ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ყველას უნდა გააგებინონ, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან "მოცემულ კომიკურ პროცესებს ლეგიტიმაცია არ აქვს".
ქვეყნის უმრავლესობამ ხმა მისცა ევროპას, პროდასავლურ ოპოზიციას და მთლიანობაში სურათი არის ასეთი, რომ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება დასავლეთის სასარგებლოდ. ამასთანავე, "ქართულმა ოცნებამ" აიღო და მიიტაცა არჩევნები. ეს უკვე მოცემულობაა. ამ მოცემულობაში "ოცნება" ცდილობს, შექმნას რეალობა, რომ თითქოს, არსებობენ კულტურის მინისტრები. იმიტაციას ქმნიან, რომ თითქოს, სახელმწიფო პროცესი მიდის. ამით რეალობის შექმნას ცდილობენ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვუთხრათ ყველას, რომ ლეგიტიმაცია ამ კომიკურ პროცესს ოპოზიციის მხრიდან არ აქვს", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.