"რუსული მმართველობისთვის დამახასიათებელი ცინიზმია" - ბოკუჩავა ყაველაშვილის წარდგენაზე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა "ტვ პირველის" ეთერში მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება "რუსული სპეცოპერაციის ახალი ფაზაა".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ქვეყნის მთავარსრადლის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენა "რუსული მმართველობისთვის დამახასიათებელი ცინიზმია".
ეს არის რუსული სპეცოპერაციის ახალი ფაზა, რუსული მმართველობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგ, საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი ეყოლება პრეზიდენტად, წარმოუდგენელია ეს ცინიზმი, ეს თავხედობაა. ეს დაცინვაა ქართველი ხალხის, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვაა. ეს ადამიანი არცერთ მუშა პროცესში არასოდეს ჩართული არ ყოფილა, არც მახსოვს, რომ მას რაიმე შინაარსიანი ეთქვა პარლამენტში.
სულ რამდენჯერმე აქვს გამოყენებული სიტყვის სარგებლობის უფლება და უწმაწური სიტყვებით, გინებით გვამახსოვრებდა ხოლმე თავს, ისევე როგორც ფიზიკურ დაპირისპირებებში თავის გამოჩენით. აი ეს იყო რეალურად მისი შესაძლებლობების ამპლიტუდა. მას არ აქვს ფორმალური განათლება მიღებული", - ამბობს თინა ბოკუჩვა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.