ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორია უკანონოდ გადმოკვეთეს
ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთეს და სოფელ ზემო სობისში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გატაცება სცადეს. შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილან სამართალდამცველები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ,,ძალა ერთობაშია", წარმომადგენლის, დავით ქაცარავას, განცხადებით, მონადირეები სოფელ სობისის მინდვრებში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათი მიმართულებით რუსი ოკუპანტები გამოემართნენ.
მონადირეები გასული იყვნენ სობისის მინდვრებში სანადიროდ, როცა წინაგარის სამხედრო ბაზიდან ოკუპანტების მანქანა წამოვიდა, რომელმაც საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და წამოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და დაედევნა მონადირეებს. საბედნიეროდ, მონადირეებმა მოახერხეს, ხელიდან დასხლტომოდნენ ოკუპანტებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება, რომ ოკუპანტები ჩვენს ტერიტორიაზე თავისუფლად გრძნობენ თავს, - ამბობს დავით ქაცარავა.
სუს-ის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ მათთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ფეისბუქზე გაზიარების შემდეგ კონკრეტულმა პირმა პოლიციას ინფორმაცია მოგვიანებით მიაწოდა.
აღნიშნული ინციდენტი, რომლის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა კონკრეტულმა პიროვნებამ, ჩვენთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ამ პიროვნებამ მოგვიანებით ამის შესახებ პოლიციას აცნობა.
ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ იმავე დღეს არ მოხდა პოლიციის ინფორმირება, რადგან საქართველოს ხელისუფლება უფრო ადრე გაატარებდა ღონისძიებას, რომლის გატარება დღეს მიმდინარეობს - აცხადებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი.