ოპოზიციის დაკნინება და მადლობები ივანიშვილს - კობახიძის სიტყვა პარლამენტში
ირაკლი კობხიძემ დღეს პარლამენტში, სადაც მთავრობის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს, სიტყვით გამოსვლა ისევ ოპოზიციაზე თავდასხმით დაიწყო. პრემიერმა ისევ "ნაციონალური მოძრაობა" მმართველობის წლები გაიხსენა და მათ დაკნინებას შეეცადა.
ამასთან, კობახიძეს არც ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობების გადახდა დავიწყებია, რასაც დარბაზში "ოცნების" დეპუტატების ოვაციები მოჰყვა.
სიტყვით გამოსვლისას, პრემიერი ისევ "ეროვნულობაზე" აპელირებდადა ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არ ნიშნავს, რომ "ხვალ ქვეყანა ბრიუსელში" გაიღვიძებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი. რას განასახიერებენ ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას. მათი ხელწერა, 9 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, იყო ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა, ბიზნესის სიტემური რეკეტი, მედიის მიტაცება, ომი, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა. დღეს მათი სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს.
მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერს, ჩენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს აქვს ქვეყანას მშვიდობა და ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე, იფიქროს წინსვლაზე. მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ შესაძლებლობისთვის.
არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ,მაგალითად, კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში. ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იგივე მიმართულებით არიან ადამიანები, რომელბსაც ჰგონიათ, რომ რომ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში. ძარლს ერქმევა, მაგალიტად არა ძაღლი, არამედ „დოგ“.
რაც არ უნდა მოხდეს, მე გარწმუნებთ, რომ აუცილებლად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ჩვენ ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე. ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს - ადამიანი, - განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დამტკიცების პროცესს არ ესწრება. არაღიარებულ პარლამენტში სხდომას "ოცნების" წევრები, მინისტრობის კანდიდატები და სასულიერო პირები იმყოფებიან. ამ წუთებში პრემიერი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.