როგორ "უყურებს" "ოცნება" ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციას - ევროინტეგრაციის კომიტეტის ახალი თავმჯდომარის კომენტარი
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დამტკიცებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროინტეგრაციის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ ევროდეპუტატების მიერ შექმნილი დოკუმენტის მთავარი მიზანი "ნაციონალური მოძრაობისთვის" "ნამუსის მოწმენდა და სახის შენარჩუნებაა".
არაკონსტიტუციური პარლამენტის წევრი ენმ-სა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ტოლობის ნიშანს ავლებს და ირწმუნება, რომ "წინა ხელისუფლება და მისი მეგობრები მარცხს აიგნორებენ და საკუთარ მარცხში სხვა პირებს ადანაშაულებენ".
უკვე არასერიოზულია ორ კვირაში ერთხელ მსგავსი დოკუმენტების ინიცირებაზე კომენტარის გაკეთება. დოკუმენტები, ჩვენი აზრით, ემსგავსება იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ტოტალური მარცხის გამო ჩვენ ქვეყანაში ნამუსი მოწმინდონ და სახე შეუნარჩუნონ. იმის ნაცვლად, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", მისმა პარტნიორებმა და სხვა მეგობრებმა გაიაზრონ ის შეცდომები, რაც წარსულში დაუშვეს, ნაცვლად ვხედავთ, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის და სხვა დოკუმენტების სახით, არის ის, რომ სრულად აიგნორებენ საკუთარ მარცხს და საკუთარ მარცხში ადანაშაულებენ სხვა პირებს. ჩვენ ამგვარად ვუყურებთ ამ რეზოლუციას და ამგვარ დოკუმენტებს", - ამბობს ლევან მახაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას თბილისის დროით 15:00 საათზე დაამტკიცებს. დოკუმენტით ევროპელი პოლიტიკოსები "ოცნების" ლიდერების, ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.