შედეგების არაღიარება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში
"ქართული ოცნების" ლიდერების დასანქცირების გარდა, ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ საქართველოში არჩევნები ხელახლა დაინიშნოს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.
ევროპარლამენტი ევროკავშირის სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც "ხმის მიცემის ლიგიტიმურობა სერიოზულად არის შელახული".
საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი; არჩევნების აღიარებაზე უარის თქმასთან ერთად, მოვუწოდებთ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ - გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი 1 წლის განმავლობაში", - წერია დოკუმენტში.
444 მომხრე 72 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის სანქცირების მოთხოვნა ძალაში რჩება.
დოკუმენტში, რომელზეც ხუთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა, წერია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის გამო საჭიროა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები შავ სიაში შეიყვანონ.
ევროპარლამენტში დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ევროკომისიას და ევროსაბჭოს გადაეცემა და სწორედ მათი შესასრულებელი იქნება რეზოლუციაში გაწერილი მოთხოვნები.