ციხის კარი უნდა გავაღოთ - სოფო ჯაფარიძე ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
"მედგიდის" დამფუძნებელი და ,,ენმ"-ს წევრი, სოფო ჯაფარიძე, ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის და ქვეყანაში არსებული კოვიდვითარების გამო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვს. ჯაფარიძის თქმით, მსგავს პრაქტიკას ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიმართა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.
ციხეებში არის კოვიდაფეთქება, ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისინი არიან ჩვენი ნაწილი და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე. ძალიან რთულია იმ ინფრასტრუქტურის პირობებში თუნდაც დისტანციის დაცვა. აქედან გამომდინარე, გამოვდივართ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალსწინებს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ გათავისუფლებას, ცხადია, იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა გადავარჩინოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რა რაოდენობის პატიმრის ოჯახის წევრები ყოველდღიურად გვიკავშირდებიან. ისინი არიან ძალიან ბევრნი და ძალიან ჭირდებათ ჩვენი დახმარება, ვიზრუნოთ მათზე, ჩვენ ვართ ომში. დადგა დრო, რომ ამ ადამიანებისთვის ციხის კარი უნდა გავაღოთ და ამით შევამსუბუქოთ მდგომარეობა, განვტვირთოთ საპატიმროები და გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე. არ დაგვავიწყდეს ისინი არიან ჩვენი ნაწილი", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.