"ქართული ოცნებისთვის" ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასია

28.11.24 17:10
"ქართული ოცნებისთვის" ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასია

"ქართული ოცნებისთვის" ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასია. არაღიარებული პარლმენტის ჩამოყალიბების შემდეგ, ივანიშვილის გუნდი ანტიევროპულ რიტორიკას მიუბრუნდა. კამპანიის სათავეში შალვა პაპუაშვილი ჩაუდგა, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ, ლევან დავითაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა გააგრძელეს.

კობახიძეც, პაპუაშვილის მსგავსად, ამბობს, რომ დღეს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ამან შეიძლება "გარკვეული კატაკლიზმები გამოიწვიოს".

ხვალ რომ რაღაცა მოხდეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები, მაგრამ ჩვენ ამიტომ გვაქვს 6 წლიანი მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განახორციელოს ჩვენმა ქვეყანამ. მარტივ რაღაცაზეა საუბარი - სიტყვაზე, შენ რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შეიძლება მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთ ქვეყანასთან, რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონი ტურისტის შემცირებას და ალბათ, ეს არის, რაზეც ჰქონდა საუბარი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაღიარებული პარლამენტის თავმჯდომარემ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, რომლებიც შეიძლება ჩვენი ეკონომიკისთვის გამოწვევა იყოს.

საქართველოს, რა თქმა უნდა, დღეს ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევა. ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, საწყის ეტაპზე ეკონომიკური კუთხით გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა, იმიტომ, რომ ამას ადაპტაცია სჭირდებოდა. მათ შორის, ბატონმა შალვამ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, რომლებიც შეიძლება ჩვენი ეკონომიკისთვის გამოწვევა იყოს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კი თქვა, რომ ევროკავშირში წევრობისთვის ჯერ მზად არც საქართველოა და არც ევოკავშირი. 

ეს არის აბსოლუტურად სპეკულაციური ინტერპრეტაცია იმ განცხადების, რაც გაკეთდა. ერთი, რომ თავად ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, უნდა მოახდინოთ საზოგადოების მოლოდინების მართვა. მე დღეს, თქვენ ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ამისთვის არც ევროკავშირია მზად, ამისთვის არც საქართველოა მზად", - განაცხადა მაკა მაჭარაშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება "სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას" ნიშნავს.

როგორც ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე "ღამის კურიერის" ეთერში ირწმუნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა EU-ს წევრი გახდება, საქართველოს "ბევრ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება მოუწევს".

ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ სხვა დსთ-ს წევრ ქვეყანასთან. იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები