"მივიღე 150-ზე მეტი წინადადება" - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარების იდეების კონკურსზე
საქართველოს განვითარების საუკეთესო 50 იდეა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 150-ზე მეტი წინადადება მიიღო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მივიღე 150-ზე მეტი წინადადება მას შემდეგ, რაც გამოვაცხადე კონკურსი, საუკეთესო 50-იდეაზე საქართველოს განვითარების. ბოლო დღეებია გატაცებით ვსწავლობ ამ წინადადებებს, რაღაცეებზე, რაშიც კომპეტენცია არ მყოფნის, სხვებს ვეკითხები რჩევას და უახლოეს დღეებში ავარჩევ იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომელსაც მივიწვევთ კიევში და პირდაპირ ეთერში გავაკეთებთ მათთან ერთობლივ კონფერენციას საქართველოს მომავალზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებისა და ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერისათვის კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. კონკურსი 50 ინოვაციური პროექტის გამოვლენას გულისხმობს, საუკეთესო იდეის ავტორებს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ეპატიჟება.