"გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში" - ვაგნერი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა გამოცემა Deutsche Welle-ს ინტერვიუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისცა.
კრისტიან ვაგნერმა 28-29 ნოემბერს ქართველი ერის მიერ ივანიშვილის გუნდის ანტიევროპული გადაწყვეტილების საპასუხოდ ქუჩაში გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, "თბილისის პროტესტებიდან ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს მთავრობის კურსს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება სურს".
ამასთან, კრისტიან ვაგნერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში. და თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება.
რაც შეეხება თბილისში პროტესტებს, ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს მთავრობის კურსს და თვალსაჩინოა ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამ ხალხს საკუთარი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოსვლის სრული უფლება აქვს, სამართალდამცავი ორგანოებისგან თავშეკავებულობასა და ძალადობაზე უარს ველით, - განაცხადა ვაგნერმა. (თარგმანი - IPN)
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.