გოგა მემანიშვილი ძალადობის მტკიცებულებებს ითხოვს
"ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეში" - ასეთი პასუხი აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს "პირველების" კითხვაზე, რატომ ნადირობდნენ მედიის წარმომადგენლებზე გომელაურის უწყების თანამშრომლები.
ჩვენი კორესპონდენტის არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად გოგა მემანიშვილი არ პასუხობს კითხვას, დასჯილია თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობის გამო.
პოლიციის შეფი მედიაზე ძალადობის მტკიცებულებებს ითხოვს და ამბობს, რომ პირდაპირ ეთრში გადაცემული ფაქტები და მტკიცებულებები მედიამ გამოძიებას გადასცეს.
ამასთან, შს მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ აქციაზე მოქალაქეები პოლიციას მძიმე საგნებს ესროდნენ, თუმცა ამშინვე ჩერდება, როცა კითხვა დასისხლიანებულ, ნაცემ ჟურნალისტებზე ისმის.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც აქციაზე დაშავდნენ:
- 1. გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
- 2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
- 3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
- 4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
- 5. ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
- 6. დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
- 7. გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
- 8. ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
- 9. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
- 10.გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
- 11.ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
- 12. გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
- 13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
- 14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
- 15. დეა მამისეიშვილი, “მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას;
- 16. გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
- 17. იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
- 18. მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
- 19. ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
- 20. ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.