"EU-ში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია" - "ოცნებას" ყოფილი თანაგუნდელები ემიჯნებიან
"ქართულ ოცნებას" ყოფილი თანაგუნდელები ემიჯნებიან - გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, მიუღებელია და ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში.
მმართველი პარტიის ყოფილი წარმომადგენელი იმასაც წერს, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზნის მიღწევას ხელს ვერაფერი შეუშლის.
ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია!
ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს და შესაძლოა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვის საფუძველი გახდეს.
1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყველა ერთად ვიღწვით იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, რადგან „ჩვენ ვართ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.“ მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ამდენი ხნის მცდელობა შეფერხდეს ან გადაიდოს. მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში.
ვისაც დაგავიწყდათ, გაგახსენებთ, რამდენი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო და ეს პროცესი არც ერთი წუთით არ უნდა შეჩერდეს:
- • 1999 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს.
- • 2004 წელს საქართველო შეუერთდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) პროგრამას.
- • 2009 წელს საქართველო გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი.
- • 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმებას (DCFTA), რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.
- • 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა უვიზოდ იმგზავრონ შენგენის ზონაში.
- • 2022 წელს საქართველომ ოფიციალურად წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
- • 2023 წელს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის, კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით.
და ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას. ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია და ამ მიზნის მიღწევას ვერაფერი შეუშლის ხელს!". - წერს გუგული მაღრაძე.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. "პირველებმა" ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მივიდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი.
შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.