მივმართავ ივანიშვილს, პუტინმა თავზე ხელი რაც არ უნდა გისვას, საქართველოს ვერ გაარუსებ - ჯაფარიძე

29.11.24 21:57
მივმართავ ივანიშვილს, პუტინმა თავზე ხელი რაც არ უნდა გისვას, საქართველოს ვერ გაარუსებ - ჯაფარიძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს პირდაპირი ეთერიდან უთხრა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ქართველ ერს ვერ მოერევა და ქვეყანას ვერ გაარუსებს.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რამდენიც არ უნდა გაქოს ვლადიმერ პუტინმა, რამდენიც არ უნდა გისვას თავზე ხელი, გაგაბედნიეროს და სტიმული მოგცეს ქვეყნის გარუსების, ვერასდროს გაარუსებ საქართველოს, ვერასდროს მოერევი ამ ხალხს. ხედავთ, რომ დღეს მთელი საქართველო დგას ფეხზე. გპირდები, რომ ძალიან მალე სიმაღლის მიხედვით დამდგრებს რუსეთში გაგაცილებთ. ძალიან მალე თქვენი რეჟიმი საქართველოში დასრულდება", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. "პირველებმა" ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მივიდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი. 

შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები