საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ღია ეთერს ვითხოვთ - ხაზარაძე
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა და მისგან ღია ეთერი მოითხოვა - "ვითხოვთ ღია ეთერს, სადაც დასხდებიან ადამიანები და მთელ საქართველოს გააგონებენ, რა ხდება სინამდვილეში".
ეს არის სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია, სადაც მთავარი სამიზნე ჟურნალისტები და აქტივისტები არიან, რათა მუხტი მოკლან. ეს არ მოხდება. თითოეული ადამიანი, რომელიც პროტესტზეა მოსული, არის სამშობლოსადმი თავდადებული ადამიანი. ეს არის სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღის საკითხი.
პროტესტი იზრდება და არ დამთავრდება, რადგან გუშინ, ამ სამარცხვინო ღალატით, პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება მოხდა, რომელსაც 15 წუთში პუტინი მიესალმა. ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, მოღალატე ხელისუფლება.
მარტო რუსთაველი არ არის ეპიცენტრი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებლისგან საზოგადოებრივ მაუწყებლობისგან ღია ეთერი, სადაც დასხდებიან ადამიანები და მთელ საქართველოს გააგონებენ, რა ხდება სინამდვილეში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. "პირველებმა" ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მივიდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი.
შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.