"ქართული ოცნება" ამორალურია - დავით კირკიტაძე ზაზა სარალიძის შანტაჟზე

31.08.21 13:12
"ქართული ოცნება" ამორალურია - დავით კირკიტაძე ზაზა სარალიძის შანტაჟზე

"ქართული ოცნება" ამორალურია - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე, შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის, წინააღმდეგ ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ბინძური ადამიანებისგან შედგება, რომელიც ადამიანების გაშავებით არის დაკავებული. 

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნება“ თავისი არსით, ბუნებით და ყველა სახელმწიფო სტრუქტურით, არიან ამორალური ადამიანები, ბინძური ადამიანები, არად დაგიდევენ არც პერსონალურ ტრაგედიას, არც სახელმწიფო ინტერესებს, ისინი მუდმივად გადასულები არიან შანტაჟზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იქნება ეს, თუ სხვა უკანონო მოსმენა და მიყურადებით ადამიანების გაშავებაზე, აი, ამასთან გვაქვს საქმე, - ამბობს დავით კირკიტაძე.

 ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილს ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად აკრიტიკებს, ფარულად გადაღებული ვიდეომასლა გამოუქვეყნეს. ხუთწამიან  კადრებში ზაზა სარალიძე გახარიას თანაგუნდელთან, ალეკო ხოჯევანიშვილთან ერთად ჩანს. კადრები ერთ-ერთმა  სახელისუფლებო სააგენტომ გაავრცელა, რომელიც ამტკიცებს,  რომ  შვილმოკლულ მამას ღარიბაშვილის კრიტიკა გახარიას გუნდმა დაუკვეთა.