"ტოტალიტარული სახელმწიფოს საფირმო ნიშანი" - ლევან სამუშია ზაზა სარალიძის სკანდალურ ვიდეოკადრებზე

31.08.21 13:19
"ტოტალიტარული სახელმწიფოს საფირმო ნიშანი"  - ლევან სამუშია ზაზა სარალიძის სკანდალურ ვიდეოკადრებზე

"ლელოს" წევრი, ლევან სამუშია, შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის, წინააღმდეგ ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით,  თვალთვალი და შანტაჟი  ტოტალიტარული სახელმწიფოს ნიშანია. 

სახეზეა დანაშაულის ნიშნები, სახეზეა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლების თავიდან ბოლომდე ნგრევა, სახეზეა თვალთვალი და ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფოს საფირმო ნიშანი და ეს არის „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი. ის, რასაც წლების მანძილზე აკეთებდა თვითონ გახარია, მისთვის არ უნდა ეს გასაკვირი, მაგრამ მთავარია, რომ ეს ქვეყნისთვის არის ცუდი და  უნდა დაიწყოს გამოძიება, - ამბობს ლევან სამუშია. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილს ბოლო რამდენიმე კვირაა, ღიად აკრიტიკებს, ფარულად გადაღებული ვიდეომასლა გამოუქვეყნეს. ხუთწამიან  კადრებში ზაზა სარალიძე გახარიას თანაგუნდელთან, ალეკო ხოჯევანიშვილთან, ერთად ჩანს. კადრები ერთ-ერთმა სახელისუფლებო სააგენტომ გაავრცელა, რომელიც ამტკიცებს,  რომ  შვილმოკლულ მამას ღარიბაშვილის კრიტიკა გახარიას გუნდმა დაუკვეთა.