ხელისუფლება არჩევნებამდე მისვლას შანტაჟითა და დაშინებით ცდილობს - მაჩალიკაშვილი
სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძის მიმართ აგორებული ფარული ვიდოკადრების სკანდალს ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე მისვლას ადამიანების დაშინებითა და შანტაჟით ცდილობს.
თვალთვალი და მიყურადება იყო ყველა არსებული სახელმწიფო კანონის დარღვევით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არა მარტო სარალიძის მიმართ, არა მარტო ჩემს მიმართ, ძალიან ბევრს აკეთებენ ესენი, რომ დააშანტაჟონ ადამიანები, ვინც კი ამოიღო ხმა ამათ წინააღმდეგ. ახლა ესენი ერთმანეთს დაეტაკნენ, გახარიას გუნდი, „ქართული ოცნების“ გუნდი, ღარიბაშვილის მთავრობა და გადაწყვიტეს, სარალიძესთან დაკავშირებით გამოექვეყნებინათ რაღაცა... მეტი არაფერი დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია, რამით დააშანტაჟონ, რამით შეაშინონ და ამით მივიდნენ არჩევნებამდე, - ამბობს მაჩალიკაშვილი.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად აკრიტიკებს, ფარულად გადაღებული ვიდეომასლა გამოუქვეყნეს. ხუთწამიან კადრებში ზაზა სარალიძე გახარიას თანაგუნდელთან, ალეკო ხოჯევანიშვილთან ერთად ჩანს. კადრები ერთ-ერთმა სახელისუფლებო სააგენტომ გაავრცელა, რომელიც ამტკიცებს, რომ შვილმოკლულ მამას ღარიბაშვილის კრიტიკა გახარიას გუნდმა დაუკვეთა.